ავტოტრანსპორტის სექტორიდან გაფრქვევების შემცირების კუთხით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ავტომობილების ტექნიკური (წვის სისტემის) გამართულობა. ქვეყნის ავტოპარკის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით ქვეყანაში შეიქმნა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ახალი სისტემა. კერძოდ:
მომზადდა მთელი ავტოპარკის ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივი დაფარვის გეგმა, ავტომობილის რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.
მომზადდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და 2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა დადგენილებები:
2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის - „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე. რაც უზრუნველყოფს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების გამართულად ფუნქციონირებას და შესაბამისად შემოწმების მაღალ ხარისხს.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე. დადგენილება შეიქმნა შესაბამისი ევროდირექტივის საფუძველზე. შედეგად, ინსპექტირების პარამეტრები დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს.
დაინერგა ავტომობილების ინსპექტირების ერთიანი ელექტრული სისტემა. სისტემის მეშვეობით ხორციელდება ავტომობილების ინსპექტირების პროცესის მუდმივი მონიტორინგი და ინსპექტირების შედეგების დიდწილად ავტომატურად შექმნა, რაც მინიმუმამდე ამცირებს ინსპექტირების პროცესში ადამიანურ ფაქტორს და კორუფციის რისკს.
გაიზარდა ჯარიმები ტექნიკური ინსპექტირების არ გავლისთვის. ფიზიკური პირებისთვის 10-დან 50 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირებისთვის 200 ლარამდე.