ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი დაიწყო გასული საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს. წლების განმავლობაში დაკვირვება წარმოებდა სტაციონალური არაავტომატური სადგურების საშუალებით. 2013 წლიდან სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო დაკვირვების ქსელის მოდერნიზაცია. 2016 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა არაავტომატური სადგურების შეცვლა თანამედროვე ავტომატური სადგურებით. 2016 წელს თბილისში 3 ავტომატური სადგური ამოქმედდა. 2017 წელს კი - ქუთაისსა და ბათუმში თითო ავტომატური სადგური, ხოლო 2019 წელს თითო ავტომატური სადგური დაემატა ქალაქ თბილისსა და რუსთავში. 2023 წელს მონიტორინგის ქსელი გაფართოვდა და არსებულ 7 ავტომატურ სტაციონალურ სადგურს დაემატა 8 ახალი სადგური, რომლებიც განთავსდა შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი და მესტია. ავტომატურ სადგურებზე 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლების შემცველობის მონიტორინგი.

ასევე, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დადგენის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე 2015 წლიდან, წელიწადში ოთხჯერ (მარტი, ივნისი, სექტემბერი, ნოემბერი) ტარდება ინდიკატორული გაზომვები. მეთოდოლოგიის შესაბამისად გარკვეული პერიოდის (ორი კვირა) განმავლობაში სხვადასხვა დასახლებული პუნქტების წინასწარ შერჩეულ წერტილებზე წარმოებს ინდიკატორული მილაკების განთავსება. ხდება სინჯების აღება სხვადასხვა დამაბინძურებლების (აზოტის დიოქსიდი, ოზონი და ბენზოლი) განსაზღვრის მიზნით. შემდეგ მილაკების ანალიზი ტარდება აკრედიტირებულ ლაბორატორიაში და მიღებული კონცენტრაციების მნიშვნელობების შეფასება წარმოებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსების სისტემით.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო ატმოსფერულ ჰაერში მძიმე მეტალების (ნიკელი, კადმიუმი, ტყვია, დარიშხანი) და ბენზაპირენის შემცველობის განსაზღვრა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ მონაცემების ნახვა შესაძლებელია ჰაერის ხარისხის პორტალზე https://air.gov.ge. ასევე, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს საინფორმაციო წელიწდეულებს „საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წელიწდეული“ და ბიულეტენებს “მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ”, რომელშიც შესაძლებელია მონაცემების ნახვა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ თვეებისა და ქალაქების მიხედვით https://nea.gov.ge.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგისთვის გამოიყენება შემდეგი ხელსაწყოები:

Horiba - APSA-370; APNA-370; APOA-370; APMA-370; APDA-372
Envea - AF22e; CO12e; AC32e; O342e
KIMOTO ELECTRONIC - PM-712; NA-721; DS-071N; SA-731; DS-071S; OA-781; CA-751
Teledyne - API T100;T300; T300U; T204
Palas GmbH - Fidas 200E; Fidas 200
Fai Instruments S.r.L - Hydra Dual sampler