გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული
ჰაერის ხარისხის 29 იანვრის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
29 იანვრის მდგომარეობით, დედაქალაქში და აღმოსავლეთ
საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ნარჩუნდება მყარი ნაწილაკების
(PM10, PM2.5) მატება, რაც ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება
და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის
განპირობებული.
აღნიშნული პროცესი გარემოს ეროვნული სააგენტოს
სინოპტიკოსების მიერ, სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით
უწყვეტ რეჟიმში ზუსტდება.
აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის
განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს
და მეტეოროლოგიური მოვლენაა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის
ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას
ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.