ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი დაიწყო გასული საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს. წლების განმავლობაში დაკვირვება წარმოებდა სტაციონარულ არაავტომატურ სადგურებზე. 2013 წლიდან გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო დაკვირვების ქსელის მოდერნიზაცია. საქართველოში ამოქმედდა პირველი ავტომატური სადგური. 2016 წლიდან რეგიონებში, ისევე როგორც დედაქალაქში დაიწყო არაავტომატური სადგურების შეცვლა თანამედროვე ავტომატური სადგურებით და ამასთანავე, ახალი სადგურების მონტაჟი. 2016 წელს ამოქმედდა ახალი ავტომატური სადგურები თბილისში, ჭიათურასა და ბათუმში, ხოლო 2017 წელს კი - ქუთაისსა და ბათუმში. დღეისთვის საქართველოში უკვე 8 ავტომატური სადგური ფუნქციონირებს.

ავტომატურ სადგურებზე 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლების შემცველობის მონიტორინგი. ავტომატური სადგურებიდან ინფორმაციის მოწოდება უწყვეტად მიმდინარეობს, ხოლო არაავტომატური სადგურებიდან კი - თვეში ერთხელ. შემოსული მონაცემების ანალიზის შემდეგ მათი განთავსება ხდება მონაცემთა ბაზებში. ავტომატური სადგურებიდან მიღებული ყოველდღიური მონაცემების გამოქვეყნება წარმოებს სააგენტოს ვებ-გვერდზე: www,meteo.gov.ge მონაცემების დამუშავების შემდეგ მზადდება და ამავე ვებ-გვერდზე ქვეყნდება ყოველთვიური ბიულეტენი, ჰაერის დაბინძურების წელიწდეული და ინდიკატორული გაზომვების შედეგები. გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაცია ელექტრონულად მიეწოდება ყველა იმ მუნიციპალიტეტს, რომლებშიც ტარდება მონიტორინგი და ასევე, შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დადგენის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე 2015 წლიდან ასევე, წელიწადში ოთხჯერ, ტარდება ინდიკატორული გაზომვები. მეთოდოლოგიის შესაბამისად გარკვეული პერიოდის (ორი კვირა) განმავლობაში სხვადასხვა დასახლებული პუნქტების წინასწარ შერჩეულ წერტილებში წარმოებს ინდიკატორული მილაკების განთავსება. ხდება სხვადასხვა დამბინძურებლებზე (აზოტისა და გოგირდის დიოქსიდები, ოზონი და ბენზოლი) სინჯების აღება. შემდეგ მილაკების ანალიზი ტარდება დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. მიღებული კონცენტრაციების მნიშვნელობების შეფასება წარმოებს ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემით.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგისთვის გამოიყენება შემდეგი ხელსაწყოები:

Teledyne T100 (SO2-ის ანალიზატორი)
Teledyne T200 (NO2, NO, NOx-ის ანალიზატორი)
Teledyne T300 (CO-ს ანალიზატორი)
Teledyne T400 (O3-ის ანალიზატორი)
Teledyne T701 (ნულოვანი აირის გენერატორი)
Palas Fidas 200 (მყარი ნაწილაკების განმსაზღვრელი)
Ogawa Seiki Co, Ltd (PM10, PM2.5, SO2, NO2, NO, NOx O3, CO -ს ანალიზატორი)
CPR-KA (PM10, PM2.5, SO2, NO2, CO-ს ანალიზატორი)
ტყვიის შემცველობა ისაზღვრება Agilent ICP-OES ხელსაწყოთი